930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

წლის წარმატებული დასაწყისი!

 

იანვრის თვე  წარმატებული გამოდგა ქართული ჭადრაკისთვის.

ბრწყინვალედ  იასპარეზა საქართველოს  მრავალგზის ჩემპიონმა,  ლევან ფანცულაიამ ინდოეთის დედაქალაქში დასრულებულ ტრადიციულ, 'ღია' საერთაშორისო ტურნირზე! თბილისელმა დიდოსტატმა 10-დან  8 ქულით I-VII  ადგილები გაინაწილა და   დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი დაისაკუთრა.

ფანცულაიამ დელის, შემდეგ ჩენაიში გამართულ საერთაშორისო ტურნირშიც გამოიჩინა თავი და 10-დან 8,5 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა.ტურნირის მეორე ქართველმა მონაწილემ ლუკა პაიჭაძემ II-VII ადგილი გაინაწილა.

ასევე დიდი წარმატებით ითამაშეს ჩეხეთის ტურნირებში ჩვენმა ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა.თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლემ, ნიკოლოზ კაჭარავამ პრაღის ტრადიციულ  საერთაშორისო ტურნირზე  9-დან 7 ქულით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და საკუთარ ელო-რეიტინგს 26 ქულა შემატა.აღსანიშნავია, რომ კაჭარავა ტურნირში მე-12 ნომრად იყო განთესილი.

პრაღის შემდეგ ჩვენმა მოზარდებმა მარიენბადში გადაინაცვლეს სადაც დიდ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღეს  მონაწილეობა.

ყველაზე ძლიერ ‘A’ ტურნირში შესანიშნავად იასპარეზა ასევე აკადემიის მოსწავლემ, ლუკა ობოლაძემ!.თბილისელმა მოზარდმა  9-დან 5 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს. ამასთანავე, ლუკამ საერთაშორისო ოსტატის ნორმა შეასრულა და  38 სარეიტინგო ქულა მოიმატა.  

‘B2’ ტურნირში 9-დან 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ნიკოლოზ კაჭარავა .

9-დან 7 ქულით ასევე   მეორე ადგილზე გავიდა ღია ‘C’  შეჯიბრში  ფიდეს ოსტატი ნიკოლოზ ჩხაიძე (+20 სარეიტინგო ქულა), ხოლო ქალთა ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილი ეკატერინე ფიფიამ დაისაკუთრა (+3 სარეიტინგო ქულა).
სენიორთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა და პრიზიორმა ზურაბ სტურუამ, ახალგაზრდებს ტოლი არ დაუდო და შესანიშნავად იასპარეზა სომხეთის დედაქალაქში გამართულ ანდრანიკ მარგარიანის სახელობის მემორიალზე! სტურუამ 9 შესაძლებლობიდან  5.5 ქულა დააგროვა და მასპინძელ არტურ დავთიანთან ერთად მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა,
აქტიურობა დაფიქსირდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაშიც!

24 იანვარს, საჭადრაკო აქტივობით გამორჩეულ კახეთის მხარეში  მორიგი კლუბი გაიხსნა.  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ,  საჭადრაკო კლუბი  ლაგოდეხში, საზეიმო ვითარებაში გახსნეს და ინვენტარიც გადასცეს საჩუქრად.

საჭადრაკო კლუბი ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და სწავლა უფასოა. კლუბში იფუნქციონირებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.
ღონისძიებას კახეთის მხარის გუბერნატორი (კახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი) ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია,  ჭადრაკის მოყვარულები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

 

 

  • Title: წლის წარმატებული დასაწყისი!
  • Posted by:
  • Date: 01-02-2019 8:49 PM
  • Tags:
Top