930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი 2018: ქალთა პირველმა გუნდმა მეორე 2.5:1.5 დაამარცხა

29 სექტემბერი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე დასვენების დღე გახლდათ - მოჭადრაკეები განიტვირთნენ და დღეიდან გათამაშების დასკვნით, გადამწყვეტ ეტაპს შეუდგნენ. მე-6 ტური ჩვენი გუნდებისთვის ორმაგად საინტერესო გამოდგა, კენჭისყრამ ერთმანეთს შეახვედრა საქართველოს ქალთა მთავარი და მეორე ნაკრები. ეს იყო გარკვეულწილად ისტორიული შეხვედრა, რადგან ორი ქართული გუნდი ოლიმპიადაზე ერთმანეთს პირველად შეხვდა, ეს იმიტომ რომ საქართველომ ისარგებლა მასპინძლის სტატუსით და შეჯიბრზე 3-3 გუნდით წარდგა, ამასთან საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს მეორე გუნდი, რომელიც ამ ტურამდე ცხრილში მე-4 პოზიციაზე გახლდათ და შესაბამისად ძლიერ ნაკრებთან, ამ შემთხვევაში ჩვენს მთავარ გუნდთან შეხვედრის შესაძლებლობა გაუჩნდა. 

ქართული პაექრობა საინტერესოდ წარიმართა, მეორე გუნდს არაფერი დაუთმია ძირითადისთვის. გადამწყვეტი აღმოჩნდა ლელა ჯავახიშვილის და ინგა ჭარხალაშვილის პარტია, რომელიც ჯავახიშვილმა შავი ფიგურებით მოიგო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა 2.5:1.5.  აქვე ვთქვათ, რომ ქალთა მესამე ნაკრები უნგრეთთან დამარცხა 0.5:3.5.

ვაჟთა ნაკრებმა აქამდე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ისე მოხდა, რომ მე-5 ტურის შემდეგ ცხრილში მეორე და მესამე ნაკრებიც უსწრებდა, რაც ცოტა უცნაურია. დღეს, ნინო გურიელის გუნდი კანადის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:2-ს დასჯერდა. წინა ტურში ბრაზილიის ნაკრების დამარცხების შემდეგ გურიელს ოთხეული არ შეუცვლია, თუმცა ვაჟებმა ამჯერად ვეღარ გაიმარჯვეს. გუნდის ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ თავისი შეხვედრა შავი ფიგურებით მოიგო, მაგრამ მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და ქულები დაკარგეს. მთავარი გუნდის მსგავსად მეორე ნაკრებმა ვიეტნამთან 2:2 ითამაშა.

ძალიან საინტერესო იყო მესამე გუნდის დაპირისპირება ჰოლანდიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან, რომელიც ტურნირზე მე-13 ნომრად გახლავთ განთესილი. განვლილ 5 ტურში ჩვენმა ახალგაზრდებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს და ისიც პირველ ნომრად განთესილ უძლიერეს აშშ-ს ნაკრებთან, ოღონდ ბრძოლაში 1.5:2.5. აშშ-ს შემდეგ ჰოლანდია იყო მეორე გამოცდილი გუნდი, რომელთანაც თამაშის საშუალება მესამე ნაკრებს მიეცა და ამჯერადაც უშეღავათო ბრძოლა გამართა. ახალგაზრდა მოჭადრაკეები 1.5:2.5 დამარცხდნენ და ერთხელაც გამოაჩინეს რომ ქართულ ჭადრაკს ნიჭიერი, ძლიერი თაობა ეზრდება, რომელიც უახლოეს მომავალში საერთაშორისო სარბიელზე კიდევ უფრო დიდი წარმატებით ითამაშებს. 

ხვალ, 1 ოქტომბერს, მე-7 ტურის პარტიები 15:00 საათიდან დაიწყება და დიდი ალბათობით მედლებისთვის მებრძოლ გუნდთა ვინაობას საბოლოოდ გამოკვეთს.

 

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი - 5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა
VI ტური
ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - საქართველოს მეორე ნაკრები 2.5:1.5
1. ნანა ძაგნიძე - სალომე მელია 0.5:0.5 
2. ლელა ჯავახიშვილი - ინგა ჭარხალაშვილი 1:0 
3. ბელა ხოტენაშვილი - სოფიო გვეტაძე 0.5:0.5 
4. მერი არაბიძე - სოფიკო ხუხაშვილი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - უნგრეთი 0.5:3.5
1
. ნინო ხომერიკი - ტრანგ თანგ ჰოანგი 0:1 
2. მარიამ ჯანიაშვილი - ანიტა გარა 0:1 
3. ლილე ქორიძე - ტიცია გარა 0:1 
4. თამარ ესაძე - ჯულიანა ტერბე 0.5:0.5

ვაჟები 
საქართველოს პირველი ნაკრები - კანადა 2:2

1. ბაადურ ჯობავა - ერიკ ჰანსენი 1:0 
2. მიხეილ მჭედლიშვილი - რაზვან პროეტუ 0:1 
3. ივან ჩეპარინოვი - ნიკოლაი ნორიცინი 0.5:0.5 
4. ლევან ფანცულაია - ევგენი ბარეევი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ვიეტნამი 2:2
1. ლუკა პაიჭაძე - ლიემ ქუანგ ლე 0.5:0.5 
2. დავით მაღალაშვილი - სონ თრონგ ნგოკ ნგუიენი 0:1 
3. თორნიკე სანიკიძე - მინ თუან თანი 1:0 
4. ირაკლი ბერაძე -  ხოი ანჰ ნგუიენი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ჰოლანდია 1.5:2.5
1. ნოე თუთისანი - ანიშ გირი 0:1 
2. ლუკა ობოლაძე - ერვინ ლამი 0:1 
3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ლუკ ველი ვანი 0.5:0.5 
4. გიორგი სიბაშვილი - იორდენ ფორესტ ვანი 1:0

 

ლექსო მაისურაძე
43-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი 

  • Title: ბათუმი 2018: ქალთა პირველმა გუნდმა მეორე 2.5:1.5 დაამარცხა
  • Posted by:
  • Date: 01-10-2018 10:29 AM
  • Tags:
Top