930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

არკადი დვორკოვიჩი FIDE-ს მეშვიდე პრეზიდენტია

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - FIDE - ახალი, რიგით მეშვიდე პრეზიდენტი 46 წლის რუსი პოლიტიკოსი არკადი დვორკოვიჩია.

დღეს ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გამართული FIDE-ს 89-ე კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნებით დასრულდა. დვორკოვიჩმა 103 ხმა დააგროვა და მთავარი კონკურენტი, ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი (საბერძნეთი) დაამარცხა. ამ უკანასკნელს 78-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. ბერძენი ფუნქციონერი 1982 წლიდან ხელმძღვანელობს საბერძნეთის ჭადრაკის ფედერაციას, 1986 წლიდან კი FIDE-ს ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. მესამე კანდიდატმა ნაიჯელ შორტმა (ინგლისი) არჩევნებში მონაწილეობა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ იუარა და დვორკოვიჩის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა.

46 წლის არკადი დვორკოვიჩი განათლებით ეკონომისტია. 2012 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 18 მაისამდე ის რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2008 წლის 13 მაისიდან 2012 წლის 21 მაისამდე კი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე. 2015 წლის 22 ივნისიდან დვორკოვიჩი რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, ამავდროულად, ზაფხულში რუსეთში ჩატარებული საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტსაც ხელმძღვანელობდა.

FIDE-ს ახალი პრეზიდენტის მამა ვლადიმირ დვორკოვიჩი (2005 წელს გარდაიცვალა) მოჭადრაკე და საერთაშორისო საჭადრაკო არბიტრი გახლდათ. 1982-1984 წლებში ის საბჭოთა კავშირის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი იყო, წლების განმავლობაში კი მსოფლიოს ჩემპიონის გარი კასპაროვის მწვრთნელთა გუნდში ირიცხებოდა.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პირველ პრეზიდენტად ჰოლანდიელი დიპლომატი ალექსანდერ რუები აირჩიეს. ის ამ თანამდებობაზე 1924-1949 წლებში მოღვაწეობდა, მას შემდეგ კი FIDE-ს პრეზიდენტები იყვნენ: ფოლკე როგარდი (შვედეთი; 1949-1970), მაქს ეივე (ჰოლანდია; 1970-1978), ფრიორიკ ოლაფსონი (ისლანდია; 1978-1982), ფლორენსიო კამპომანესი (ფილიპინები; 1982-1995) და კირსან ილუმჟინოვი (რუსეთი; 1995-2018).

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • Title: არკადი დვორკოვიჩი FIDE-ს მეშვიდე პრეზიდენტია
  • Posted by:
  • Date: 04-10-2018 1:21 AM
  • Tags:
Top