ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'ბილტმორში' მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი 2018“ ოფიციალური წარდგენა გაიმართა

17 აპრილს, სასტუმრო „ბილტმორის“ კონგრეს-ჰოლში მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის - „ბათუმი 2018“ ოფიციალური წარდგენა გაიმართა.

წარდგენაზე საჭადრაკო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს:საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებულმა, ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩმა ნონა გაფრინდაშვილმა.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ვიშვანათან ანანდი. და  ფიდე-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი.
წარდგენას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელოვანი მოჭადრაკეები, ვეტერანი ქართველი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, კულტურის სფეროსა და ბიზნესსექტორში წარმატებული ადამიანები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ქართველი კეთილი ნების ელჩები.

 

ნაჩვენები იყო ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საიმიჯო რგოლი.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ, სტუმრებმა საჭადრაკო ოლიმპიადის სურვილების დაფაზე სამსახოვრო მინაწერები დატოვეს, სასტუმროს ფოიეში მოწყობილ სივრცეში საჩვენებელი საჭადრაკო პარტიები გამართეს და საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.
 
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი - 58

  • სათაური: 'ბილტმორში' მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი 2018“ ოფიციალური წარდგენა გაიმართა
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-04-2018 10:57 PM
  • Tags:
Top