ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ლისის ტბაზე სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

14 აპრილს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას, რომლის დევიზი იყო "სპორტი მშვიდობისთვის და განვითარებისთვის" კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, ასევე თბილისის მერიისა და ლისის ტბის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.

სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად. სხვადასხვა სპორტულ აქტივობას შეუერთდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად და პარლამენტის დეპუტატები. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები.

სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 10:00 საათიდან საფეხბურთო ტურნირით დაიწყო. მალევე, აქტივობებში ჩაერთნენ მძლეოსნები და ველომრბოლელები. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ 20-ზე მეტ სპორტულ აქტივობაში. საინტერესო გამოდგა საფეხბურთო ტურნირი. გამარჯვებული გახდა საპატრულო პოლიციის გუნდი, რომელმაც ფინალში პარლამენტის გუნდი დაამარცხა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული ავტომობილების გამოფენა. ასევე, აქტივობები ჩატარდა სპორტის შემდეგ სახეობებსა და დისციპლინებში: მეკლდეურობა, კალათბურთი, ნარდი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ქართული ჭიდაობა, საბრძოლო ხელოვნება, მჯდომარე ფრენბურთი (პარა ფრენბურთი), სროლა, აფროსნობა, ხელბურთი, სპორტული თევზჭერა, სკეიტბორდინგი, მძლეოსნობა, კანოე პოლო, მშვილდოსნობა, პეტანკა, საავიაციო სპორტი, ფეხბურთი, ბავშვთა რაგბი, ფრისბი, მხიარული სტარტები.

სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება 2013 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. იმავე წელს, მონაკოში გამართულ სპორტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე საქართველომ გააჟღერა საკუთარი გადაწყვეტილება, შეერთებოდა ამ დღის აღნიშვნას. 2018 წლიდან კი საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს უერთდება. წელს პირველად, 23-30 სექტემბერს თბილისსა და რეგიონებში სლოგანით ‘#BeActive’ 100-ზე მეტი მასობრივი სპორტული ღონისძიება გაიმართება, რომლებშიც სხვადასხვა ასაკის 10 000-ზე მეტი ადამიანის ჩართვა იგეგმება. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 3 წელია იმართება. საქართველო ერთ-ერთი პირველია ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნებიდან, რომლებიც ამ მასშტაბურ მასობრივ სპორტულ აქტივობას უერთდებიან.

ლისის ტბაზე გაიმართა  საჭადრაკო მატჩი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ, ზურაბ აზმაიფარაშვილსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ, გიორგი გიორგაძეს შორის. ოპონენტები ერთმანეთს გუნდებით დაუპირისპირდნენ.

  • სათაური: ლისის ტბაზე სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-04-2018 12:06 AM
  • Tags:
Top