ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პირველი კორპორატიული ჩემპიონატის წარდგენა

სასტუმრო 'იოტა'-ში საქართველოს პირველი კორპორატიული  ჩემპიონატის წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას  ორგანიზატორის და საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდნენ: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს  ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა ცივაძე. შეხვედრაზე ისაუბრეს კორპორატიული ჩემპიონატების განვითარებასა და პერსპექტივებზე.  აღსანიშნავია,რომ ჭადრაკში  ევროპის ჩემპიონატი კორპორაციებს შორის პირველად  2017 წელს პარიზში გაიმართა ზურაბ აზმაიფარაშვილის პატრონაჟით.

პირველი კორპორატიული ჩემპიონატი საქართველოში ჭადრაკის ოლიმპიური წლის ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება და წინ უძღვის მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე ბათუმში გაიმართება.

ჩემპიონატის მიზანია:

•საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;

•ევროპის მეორე კორპორატიულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მოპოვება.

ჩემპიონატი ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება. მონაწილეობის უფლება აქვთ ბიზნესკომპანიების (კორპორაციების) გუნდებს. თითოეული გუნდი კომპლექტდება ოთხი ძირითადი (I, II, III, IV დაფა) და ერთი სათადარიგო მოჭადრაკისაგან, თუმცა სათადარიგო მოჭადრაკის მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ყოველ ტურში ერთი მოჭადრაკე მაინც უნდა იყოს კომპანიის მოქმედი თანამშრომელი. გუნდში ნებადართულია ფიდეს ნებისმიერი წევრი-ფედერაციის მოჭადრაკის მონაწილეობა, თითოეულ გუნდში 2300-ზე მაღალი რეიტინგის (2018 წლის 1 მაისის მონაცემებით) მქონე ერთზე მეტი მოჭადრაკე არ უნდა იყოს და ერთ მოჭადრაკეს მაინც უნდა ჰქონდეს 2000-ზე ნაკლები რეიტინგი (ან ურეიტინგო).

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 3 წამის დამატებით პირველივე სვლიდან).

გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა რაოდენობისმიხედვით. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 ლარს. პირველ ადგილზე გასულიგუნდი მოიპოვებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატში, რომელიც პარიზში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების ყველა წევრს გადაეცემა საქართველოს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის მოსაწვევი ბილეთები.

  • სათაური: პირველი კორპორატიული ჩემპიონატის წარდგენა
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-05-2018 12:46 AM
  • Tags:
Top