ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

აჭარის ჭადრაკის ფედერაცია 2020 წლის წარმატებულ ფედერაციად დასახელდა!

აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით 2020 წლის შემაჯამებელი ღონისძიება და ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ წლის შედეგების მიხედვით გამოავლინა: 10 საუკეთესო და 15 წარმატებული სპორტსმენი, 14 საუკეთესო მწვრთნელი, 1 პარასპორტსმენი, 1 წარმატებული ფედერაციის პრეზიდენტი და 4 საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი.

აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენების ათეულში მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი დასახელდა! მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, ნინომ წელს ბევრ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და 2020 წელი წარმატებით დაასრულა. მის წლევანდელ მონაგარში საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატისა და ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატის ოქროს მედლებია, ასევე, სხვადასხვა საკლუბო თუ საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებული ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

წლის წარმატებულ სპორტსმენთა თხუთმეტეულში კი ჩვენი ნორჩი მოჭადრაკე და იმედი კესარია მგელაძე დასახელდა! კესარიამ 2020 წელს მოიგო: საქართველოს 10 წლამდე გოგონათა ჩემპიონატი, ონლაინ ჩემპიონატები სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, ვერცხლის მედალი 13 წლამდე ბავშვთა შორის მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშებაში და სხვა ონლაინ ტურნირების ჯილდო.

საუკეთესო მწვრთნელთა თოთხმეტეულში ჭადრაკიდან საქართველოს დამსახურებული პედაგოგი ლეონიდ ნეურონოვი დაჯილდოვდა! ბ-ნი ლეონიდეს მოსწავლეებმა წელს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში, ასევე მოიგეს არაერთი ონლაინ ტურნირი.

წლის წარმატებული ფედერაციის პრეზიდენტად კი აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია დასახელდა! აჭარის ჭადრაკის ფედერაციამ, მიუხედავად რთული სპორტული წლისა პანდემიის პირობებში მოახერხა და არაერთი ღონისძიება ჩაატარა. ტურნირები გაიმართა როგორც ღია, ასევე ონლაინ სივრცეში. ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ”ბათუმი 2020” წინა წლებთან შედარებით განსხვავებული ფორმატით, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ღია სივრცეში გაიმართა . ასევე რეგულაციების დაცვით მოხერხდა აჭარის ახალგაზრდული ჩემპიონატების ორგანიზება და გამარჯვებული ბავშვების საქართველოს ჩემპიონატებზე მივლინება, აჭარის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლეონიდ ნეურონოვის მიერ წარმატებულ სპორტსმენებს ჩაუტარდათ ონლაინ მომზადება, დაფინანსდა საერთაშორისო დიდოსტატის ნინო ბაციაშვილის საწვრთნო შეკრებები, ჩატარდა საერთაშორისო ონლაინ ტურნირები პოლონელ და აზერბაიჯანელ მოჭადრაკეებთან, ამასთანავე ტურნირები შშმ პირთათვის. პირველად რეგიონში ჩატარდა აჭარის საკლუბო ჩემპიონატი, რამაც განაპირობა ყველა რაიონში საჭადრაკო კლუბების დაარსება და ჭადრაკისადმი ინტერესის გაღვივება. ფედერაციის ვებ-გვერდზე დაიწყო საინტერესო პროექტი – საჭადრაკო ვიქტორინა.

  • სათაური: აჭარის ჭადრაკის ფედერაცია 2020 წლის წარმატებულ ფედერაციად დასახელდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-01-2021 10:42 PM
  • Tags:
Top