ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი 2018: IX ტური - ვაჟებს შორის პოლონელები დაწინაურდნენ

3 ოქტომბერი საჭადრაკო მოვლენებით გამორჩეულად დატვირთული გამოდგა: სასტუმრო „შერატონში“ დილით დაწყებული FIDE-ს 89-ე კონგრესი საღამოს ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის, მოგვიანებით კონტინენტური საჭადრაკო კავშირების ხელმძღვანელების არჩევით დასრულდა, სპორტის სასახლეში პარალელურად მიმდინარე 43-ე ოლიმპიადის IX ტურმა კი არაერთი საინტერესო დაპირისპირება გვაჩუქა. 
FIDE-ს ახალი, რიგით მეშვიდე პრეზიდენტი რუსი არკადი დვორკოვიჩი გახდა, რომელმაც 103 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა ოპონენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბერძენმა დიდოსტატმა გეორგიოს მაკროპულოსმა 78 ხმა მიიღო. 
აირჩიეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტიც: ზურაბ აზმაიფარაშვილი მეორე ვადით უხელმძღვანელებს ამ ორგანიზაციას. დღეს, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ არჩევნებში ის ერთადერთი კანდიდატი იყო და 50 დელეგატიდან 44-ის ხმა მიიღო.

რაც შეეხება დასასრულს მიახლოებულ ოლიმპიადას, მიმოხილვას, ტრადიციულად, ვაჟებით დავიწყებთ: ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დღეს ბათუმი 2018-ის აღმოჩენას პოლონეთს დაუპირისპირდა. წინა წერილებში რამდენჯერმე ვთქვით, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ ამერიკელები ოლიმპიადაზე პირველ ნომრად არიან განთესილი, პოლონეთი კი მეთერთმეტეა. მიუხედავად ამისა, რვა ტურის შემდეგ ამერიკა 15 ქულით ლიდერობდა, პოლონეთი კი 14 ქულით მეორე ადგილზე იყო. 
ლიდერთა მატჩი პოლონელთა გამარჯვებით დასრულდა - 2,5:1,5. 
პირველ დაფაზე იან-კრჟიშტოფ დუდა თეთრი ფიგურებით ფაბიანო კარუანას დაუპირისპირდა. ბათუმი 2018-ის გამორჩეული მოჭადრაკეები თითქმის ექვსსაათიანი ჭიდილის შემდეგ ყაიმზე შეთანხმდნენ. 
20 წლის დუდა, ასაკის მიუხედავად, ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს პოლონელ მოჭადრაკედ ითვლება, სპეციალისტები კი ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინსაც. ის 15 წლის ასაკში გახდა დიდოსტატი, კარიერის გარიჟრაჟზე კი მსოფლიოს და ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებშიც გაუმარჯვია. გაზაფხულზე მან პირველად მოიგო პოლონეთის ჩემპიონის ტიტული: ცხრა პარტიიდან ოთხში გაიმარჯვა, ხუთი კი ყაიმით დაასრულა. 
დუდას დიდი გამარჯვებები წინ ელის, მისი დღევანდელი მეტოქე ფაბიანო კარუანა კი თითქმის ერთ თვეში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ითამაშებს. მისი და ნორვეგიელი მაგნუს კარლსენის მატჩს 9-28 ნოემბერს ლონდონი უმასპინძლებს. 
27 წლის სკანდინავიელი 2013 წლიდან ატარებს FIDE-ს ჩემპიონის გვირგვინს, კარუანამ კი მასთან პაექრობის უფლება მარტში, ბერლინში გამართული პრეტენდენტთა ტურნირის მოგებით მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ თითქმის ერთი წლის წინ, 1-11 დეკემბერს, ფაბიანო კარუანამ ლონდონის „ჩეზ კლასიკში“ იასპარეზა და გაიმარჯვა. შეძლებს თუ არა წარმოშობით იტალიელი მოჭადრაკე მთავარი ტიტულის მოგებას, ამას მალე ვნახავთ... 
რვა ტურის შემდეგ შვიდ გუნდს ჰქონდა 13 ქულა. ექვსმა ერთმანეთში ითამაშა: აზერბაიჯანი ჩინეთთან დამარცხდა - 1,5:2,5, ინდოეთი იგივე ანგარიშით სომხეთთან, გერმანიამ და საფრანგეთმა კი ქულები გაიყვეს - 2:2. და მხოლოდ ინგლისს ერგო „ქულანაკლული“ მეტოქე - ნორვეგია, რომელსაც 3:1 მოუგო. 
ინდოეთი-სომხეთის პირველ სამ დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა. ჩვენ ამ გუნდების ლიდერების ვიშვანათან ანანდის და ლევონ არონიანის პარტიას გამოვარჩევთ, რადგან ეს ორივე დიდოსტატისთვის ზედიზედ მეოთხე ყაიმი იყო (ისინი მეორე ტურიდან შეუცვლელად თამაშობენ). აქვე გეტყვით, რომ ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩმა, მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ანანდმა თეთრებით ითამაშა...

ქალთა შორის თოთხმეტი ქულით ჩინელები და უკრაინელები ლიდერობდნენ. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩინეთმა წინა ტურში საქართველოს ქალთა პირველი ნაკრების მძლეველი ყაზახეთი გამოსცადა და 3:1 გაიმარჯვა, უკრაინა კი აზერბაიჯანს დაუპირისპირდა - ფრე 2:2. არანაკლებ საინტერესო წყვილებმა ითამაშეს მომდევნო მაგიდებზე: ამერიკელები უნგრელებს შეხვდნენ, ხოლო სომხებმა ირანელები დაჯაბნეს - 3:1. 
ბათუმი 2018-ის ქალთა ტურნირის მთავარმა ფავორიტმა ჩინეთმა მესამე და მეოთხე დაფებზე მოთამაშე კიან უანის და ტინჟიე ლეის ძალისხმევით მოიგო. უანმა შავებით დაამარცხა გულისხან ნახბაიევა (პირველი მარცხი), მეორემ კი თეთრებით სძლია გულმირა დაულეტოვას. პირველ და მეორე დაფებზე ყაიმი დაფიქსირდა. აქვე გეტყვით, რომ ჩინელთა მესამე და მეოთხე ნომრები ბათუმში შეუცვლელად ასპარეზობენ - უანმა სადღეისოდ 6,5 ქულას მოუყარა თავი, ლეი კი 7,5 ქულით შეეწია გუნდს.

უკრაინის და აზერბაიჯანის მატჩში - 2:2 - პირველად ის პარტიები დასრულდა, რომელშიც აზერბაიჯანელებმა თეთრი ფიგურებით ითამაშეს: პირველ დაფაზე მოასპარეზე გუნაი მამაძადა ანა მუზიჩუკმა დაამარცხა, გულნარ მამადოვამ კი პირიქით, ანა უშენინას სძლია. მესამე შედეგი მეორე დაფაზე გაირკვა: თეთრი ფიგურებით მოთამაშე მარია მუზიჩუკი ხანიმ ბელაიაევას დაუზავდა, სულ ბოლოს კი ულვია ფატალიევას და ლილია ოსმაკს შორის გათამაშებული პარტია დასრულდა - ყაიმი. სათქმელია, რომ ამ პარტიის და, შესაბამისად, მატჩის საბოლოო შედეგი მსაჯთა ჩარევის შემდეგ დადგინდა.   

ლაშა გოდუაძე
2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: ბათუმი 2018: IX ტური - ვაჟებს შორის პოლონელები დაწინაურდნენ
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-10-2018 2:19 AM
  • Tags:
Top