ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების ყაიმი ინდოეთთან

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დასკვნით ფაზაში შევიდა. დღეს გამართული მე-7 ტურის პარტიების შემდეგ ორივე სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო მეტი სიმჭიდროვე შეიქმნა. ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრის ყურადღება ძირითადად საქართველოს ქალთა ნაკრებისკენ არის მიმართული, რომელიც მედლებისთვის მებრძოლ ნაკრებთა შორის გახლავთ და დღეს კიდევ ერთი მძიმე დაპირისპირება გადაიტანა. საქართველო ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ ინდოეთის ნაკრებს შეხვდა და 2:2 ითამაშა. ქართველი გოგონები ყაიმზე ამ თანმიმდევრობით შეთანხმდნენ - ძაგნიძე,  ხოტენაშვილი, ჯავახიშვილი და ბოლოს ბაციაშვილი. ბაციაშვილი ბევრს ეცადა, მაგრამ სამწუხაროდ მეტოქის გატეხვა ვერ შეძლო. ნაკრების კაპიტანი ელიზბარ უბილავა მსაჯთან მივიდა და ყაიმის გაფორმება სთხოვა.

უმნიშვნელოვანესი იყო მეორე ნაკრების გამარჯვება ფილიპინებთან  - 3:1. ეს ქულები ჩვენს მეორე გუნდს პოზიციებს გაუმყარებს, ამასთან გამორიცხული არ არის საკმაოდ ძლიერ, მედლებისთვის მებრძოლ რომელიმე ნაკრებს შეახვედროს, ეს კი საქართველოს მთავარი ნაკრების ინტერესში შედის. თუ ჩვენი მეორე გუნდი  პირველი გუნდის რომელიმე კონკურენტს ქულებს დააკარგვინებს, ეს იქნება იდეალური ვარიანტი მთავარი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება იოლი არ იქნება, თუმცა დღევანდელი სატურნირო ცხრილის მიხედვით და ცხრილში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, რომელიმე მედლებისთვის მებრძოლი ნაკრებისთვის თითოეული ქულის წართმევასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აქვე ავღნიშნოთ, რომ მოიგო ქალთა მესამე ნაკრებმაც ავსტრიასთან 4:0.

ვაჟთა ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა მაკედონია 4:0 და სატურნირო ცხრილში პოზიციას გაიუმჯობესებს, თუმცა ჩვენმა გუნდმა განვლილ 6 ტურში ძალიან ბევრი ქულა დაკარგა და ისედაც შემჭიდროვებულ ცხრილში, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა რამდენიმე საფეხურით დაწინაურება გაუჭირდება. კარგია, რომ ნინო გურიელის ოთხეულმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, ეს წარმატება დადებითად იმოქმედებს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და დარჩენილ 4 ტურში უფრო თავდაჯერებულს გახდის. ძალიან ხშირად კვანძი სწორედ ბოლო 4 ტურში იხსნება და აქ საუბარი არ არის მხოლოდ მედლებისთვის მებრძოლ გუნდებზე. საქართველოს ვაჟთა ნაკრების მიზანი მაქსიმალურად მაღალი პოზიციის დაკავებაა და ვნახოთ ჩვენი ვაჟები რამდენად შეძლებენ ამის გაკეთებას.    

სამწუხაროდ, ვაჟთა მეორე ნაკრები 1.5:2.5 დამარცხდა კოლუმბიასთან. ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა მესამე ნაკრებმა კი 1:3 წააგო მოლდოვასთან.

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი - 5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა
VII ტური
ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - ინდოეთი 2:2
1. ნანა ძაგნიძე - ჰამპი კონერუ 0.5:0.5 
2. ლელა ჯავახიშვილი -  ჰარიკა დრონავალი 0.5:0.5 
3. ნინო ბაციაშვილი - ტანია საჩდევი 0.5:0.5 
4. ბელა ხოტენაშვილი - როუთ პადმინი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ფილიპინები 3:1
1. სალომე მელია - მაე ჟანელ ფრაინა 0.5:0.5 
2. ინგა ჭარხალაშვილი - მაე შანია მენდოზა 1:0 
3. სოფიო გვეტაძე - ანტოინატე მარიე დიეგო სანი 0.5:0.5 
4. მირანდა მიქაძე - ბერნადეტე გალასი 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - ავსტრია  4:0
1
. ნინო ხომერიკი - ვერონიკა ექსლერი 1:0 
2. მარიამ ჯანიაშვილი  - კატარინა ნევრლკა 1:0 
3. ლილე ქორიძე -  ბარბარა ტოიშლერი 1:0 
4. თამარ ესაძე - ანნიკა ფროევისი 1:0

ვაჟები 
საქართველოს პირველი ნაკრები - მაკედონია
 4:0
1. ბაადურ ჯობავა - კირილ გეორგიევი 1:0 
2. ივან ჩეპარინოვი - ფილიპ პანჩევსკი 1:0 
3. ლევან ფანცულაია - ტრაჟკო ნედევი 1:0 
4. დავით ჯოჯუა - ნიკოლა ნიკოლოვსკი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - კოლუმბია 1.5:2.5
1. დავით მაღალაშვილი - ფელიპე ანდრეს ალკარეს გალეგო 0.5:0.5 
2. თორნიკე სანიკიძე - კამილო კრისტიან რიოსი 0.5:0.5 
3. ირაკლი ბერაძე -  ფელიპე სებასტიან სანჩესი 0:1 
4. გიგა ყუფარაძე - მარტინ რომერო მარტინესი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - მოლდოვა 1:3
1. ნოე თუთისანი - ვიორელ იორდანესკუ 0.5:0.5 
2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ვლადიმირ ჰამიტევიჩი 0.5:0.5 
3. ნიკოლოზ კაჭარავა - დმიტრი სვეტუშკინი 0:1 
4. გიორგი სიბაშვილი - ნიკიტა მოროზოვი 0:1

ლექსო მაისურაძე
43-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების ყაიმი ინდოეთთან
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-10-2018 1:57 AM
  • Tags:
Top