ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი 2018: V ტური - ფავორიტები სიზიფეს აღმართს შეუყვნენ

 

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ეკვატორს მიუახლოვდა და საინტერესო დაპირისპირებებიც გახშირდა. მეოთხე ტურის შემდეგ ვაჟთა შორის 9 ნაკრები ლიდერობდა ასპროცენტიანი შედეგით და მეხუთე ტურში სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 
აზერბაიჯანი, რომელიც რეიტინგის მეოთხე ნომერია და დამატებითი მაჩვენებლით ლიდერობდა ოლიმპიადას, პირველ მაგიდაზე სომხეთს (#8) შეხვდა. წინა ოლიმპიადის მასპინძლებმა (2016 წელს მთავარი საჭადრაკო ტურნირი ბაქოში გაიმართა) 2,5:1,5 დაამარცხეს მეტოქე. 
გამარჯვებულთა ლიდერმა შახრიარ მამედიაროვმა (2820) პირველ დაფაზე შავი ფიგურებით სძლია ლევონ არონიანს (ერთი წლის წინ თბილისში გამართული სუპერტურნირის გამარჯვებული), მეორე დაფაზე კი ტეიმურ რაჯაბოვმა თეთრებით მოუგო გაბრიელ სარქისიანს. მესამე დაფაზე ჰრანტ მელქუმიანმა კი სძლია არკადი ნაიდიჩს, მაგრამ მეოთხე დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა და აზერბაიჯანმაც ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა. 
პოლონელთა ოთხეულმა გუშინ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეულ რუსეთის ნაკრებს აჯობა, დღეს კი ფრანგებს სძლია - 3:1. მართალია პირველ დაფაზე პოლონელთა ლიდერი იან-კრჟიშტოფ დუდა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავიმ განაიარაღა, მაგრამ მომდევნო დაფებზე პოლონელებმა გაიხარეს: რადოსლავ ვოიტაშეკმა ეტიენ ბაკროს აჯობა, კასპერ პიორუნმა ლორენ ფრესინე დააშამათა, იაცეკ ტომჩაკმა კი ბათუმში ასპროცენტიანი შედეგი შეინარჩუნა და ოთხიდან მეოთხე პარტია მოიგო - კრისტიან ბაუერს სძლია. 
ჩინელი მოჭადრაკეებისთვის მეხუთე ტური დანავსული გამოდგა: ვერცერთმა გუნდმა გაიმარჯვა. ვაჟები 1:3 დამარცხდნენ ჩეხეთთან. მესამე დაფაზე ბრწყინვალედ ითამაშა ირი სტოცეკმა, რომელმაც შავი ფიგურებით მოუგო იუ ვეის. სტოცეკი შესანიშნავ ფორმაშია და მესამე დაფის ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ: 4,5 ქულა 5 შესაძლებლობიდან. თავის მხრივ, ვეიმ პირველ ორ ტურში გამარჯვების შემდეგ მხოლოდ ნახევარი ქულა შემატა აქტივს. ჩეხების პირველი ნომერი დავიდ ნავარაც (2740) უნდა ვახსენოთ: მან შავი ფიგურებით ითამაშა ლირენ დინის (2804) წინააღმდეგ და ქულა გაუყო. 
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტი, ამერიკელთა ლიდერი ფაბიანო კარუანა თანდათან აუმჯობესებს თამაშს. მეორე და მესამე ტურებში ყაიმის შემდეგ (პირველ ტურში კარუანას არ უთამაშა), მან გუშინ ინდოელთა პირველ ნომერს ვიშვანათან ანანდს აჯობა, დღეს კი ისრაელის გუნდის ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილი წევრი ბორის გელფანდი დააშამათა. 
ამერიკელებმა მაინც ვერ მოიგეს: მეორე და მესამე დაფებზე ყაიმი დაფიქსირდა, მეოთხე დაფაზე კი ემილ სტუხოვსკიმ სემუელ შენკლენდს მოუგო. საბოლოოდ 2:2. 
დიდებულად ასპარეზობენ უკრაინელები: მეხუთე ტურში ვაჟებმაც მეათე ადგილზე დამკვიდრებულ ესპანელებს აჯობეს - 2,5:1,5. 
ამერიკელებთან განცდილი მარცხის შემდეგ ინდოეთის ნაკრებმა, როგორც ჩანს, სწორი დასკვნა გააკეთა და დღეს პარაგვაის დამაჯერებლად სძლია - 3,5:0,5. ინდოელებმა პირველ, მესამე და მეოთხე დაფებზე გაიმარჯვეს (ვიშვანათან ანანდი, ბ ადჰიბანი, კრიშნან სასიკირანი) და მხოლოდ მეორე დაფაზე ითამაშეს ფრედ (პენტალა ჰარიკრიშნა).

ქალთა ოლიმპიადას გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ ექვსი ნაკრები ლიდერობდა ასპროცენტიანი მაჩვენებლით, მათ შორის საქართველოს პირველი გუნდი. საწყისი სამი წყვილი სწორედ მათით დაკომპლექტდა და მხოლოდ ერთში გამოვლინდა გამარჯვებული: ამერიკის შეერთებული შტატების გუნდმა შთამბეჭდავად - 3,5:0,5 სძლია მონღოლეთის ოთხეულს. 
ამერიკელთა მთავარ დამრტყმელ ძალად კვლავაც პირველი, მეორე და მეოთხე დაფები რჩება: ანა ზატონსკიჰმა ხუთიდან მეოთხე პარტია მოიგო (ერთი ყაიმი), ირინა კრუშმა ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა (ოთხიდან), ჯენიფერ იუს კი 5 შესაძლებლობიდან 4,5 ქულა აქვს. 
ბაქოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა ჩინეთმა ოთხი გამარჯვების შემდეგ ფრედ ითამაშა - 2:2 სომხეთთან. ჩემპიონები მარცხისგან ტინჟიე ლეიმ იხსნა, რომელმაც მეოთხე დაფაზე მარია კურსოვას მოუგო. ლეი სტაბილური და საიმედოა: სამი გამარჯვება და ორი ყაიმი. რაც შეეხება დანარჩენ სამ წყვილს: პირველ და მესამე დაფებზე შავი ფიგურებით მოთამაშე ვენჟუნ ჟუმ და კიან უანმა მეტოქეებს (ელინა დანიელიანი და ანა სარქისიანი) ქულა გაუყვეს, მეორე დაფაზე კი იან შენი ლილიტ მკრტჩიანთან დამარცხდა. 
საქართველოს პირველი ნაკრები უკრაინასთან წაგებას - ფრე 2:2 - ბელა ხოტენაშვილმა გადაარჩინა, რომელმაც ნატალია ჟუკოვას წინააღმდეგ ერთი შეხედვით განწირული პარტია თავის სასარგებლოდ შემოატრიალა და მეტოქე დააშამათა. ეს იყო მეხუთე სათამაშო დღის ერთ-ერთი ყველაზე გვიან დასრულებული პაექრობა. პირველ და მეორე დაფებზე ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა ქულა გაუყვეს დებს, ანა და მარია მუზიჩუკებს, ხოლო ნინო ბაციაშვილს ანა უშენინამ შავი ფიგურებით სძლია. 
ლიდერთა სხვა პაექრობებიდან  გამოსარჩევია ინდოეთის ნაკრების გამარჯვება არგენტინასთან - 3,5:0,5 და საქართველოს მეორე გუნდის მიერ თურქეთის ნაკრების შთამბეჭდავი ძლევა - ასევე 3,5:0,5. 
მეხუთე სათამაშო დღის შესახებ თხრობას კი შოტლანდიელთა პირველი ნომრით, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრით ქეთევან არახამია-გრანტით დავასრულებთ. 50 წლის დიდოსტატმა ბათუმის ოლიმპიადაზე ზედიზედ მეხუთე პარტია მოიგო, ამჯერად ჰონდურასელი ენი ფიგეროას წინააღმდეგ. 
ქეთევან არახამია-გრანტი წლების განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების ღირსებას, 1997 წელს ევროპის გუნდური ჩემპიონატიც მოიგო, 2008 წლიდან კი შოტლანდიის სახელით ასპარეზობს. 
29 სექტემბერს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეები დაისვენებენ. მეექვსე ტური 30 სექტემბერს გაიმართება. 

ლაშა გოდუაძე
2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

 

  • სათაური: ბათუმი 2018: V ტური - ფავორიტები სიზიფეს აღმართს შეუყვნენ
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-09-2018 1:09 AM
  • Tags:
Top