ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი 2018: XI ტური - ოქროს მედლები და ნონას თასი ჩინეთს

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დრამატულად და ჩინელთა ტრიუმფით დასრულდა: ვაჟებსა და ქალებში ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჯილდო, რომელიც ოლიმპიადის ყველაზე წარმატებული ქვეყნის საჭადრაკო ფედერციას გადაეცემა, ორი წლით ჩინელთა საკუთრებაა.
ჩინელმა ვაჟებმა მეორედ მოიპოვეს ოლიმპიადის ჩემპიონობა - პირველად 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში. მეორე ადგილზე წინა ოლიმპიადის, ბაქო 2016-ის ტრიუმფატორი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გავიდა, რუსეთი კი მესამე იყო, ისევე, როგორც ორი წლის წინ. სამივე გუნდმა 18 ქულა დააგროვა, ადგილები კი დამატებითი მაჩვენებლით გადანაწილდა.
ჩინელმა ქალებმა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს. მათ 18 ქულით დაასრულეს ბათუმი 2018. ამდენივე ქულით უკრაინა მეორეა, ქართველ ქალთა პირველი ნაკრები კი 17 ქულით მესამე. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები საუკეთესო სამეულში 8-წლიანი შესვენების შემდეგ მოხვდა. 2010 წელს, ხანტი-მანსიისკში, გუნდი ასევე მესამე იყო.
ვაჟთა ოლიმპიადის მთავარი პაექრობა, ამერიკელ და ჩინელ დიდოსტატთა ჭიდილი ფრედ 2:2 დასრულდა. ოთხივე დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდების პაექრობა ადრე დასრულდა, ჩემპიონი შედარებით გვიან გამოვლინდა. საქმე ისაა, რომ ამერიკელთა საბოლოო ადგილი პანამის ნაკრებზე იყო დამოკიდებული, მათ კი სასურველი შედეგი ვერ აჩვენეს და დამატებითი მაჩვენებლით ჩინეთმა პირველზე გადაინაცვლა. პოლონეთი, რომელმაც ბათუმში ჩინებულად ითამაშა, მეოთხე ადგილზე დარჩა.

არანაკლებ დრამატული იყო ქალთა შორის ჩინეთის და რუსეთის ნაკრებთა მატჩი. ამ პაექრობის შედეგი და ოლიმპიადის გამარჯვებულიც პირველ დაფაზე ყველაზე გვიან დასრულებული პარტიის შემდეგ გაირკვა: ვენჟუნ ჟუმ შავი ფიგურებით დაამარცხა ალექსანდრა კოსტენიუკი. მატჩში ანგარიში გათანაბრდა - 2:2, ჩინეთმა მე-18 ქულა მოიპოვა და უკრაინას გადაასწრო, დამატებითი მაჩვენებლით კი სულაც პირველ ადგილზე გადაინაცვლა. რუსებს ფრე ხელს არ აძლევდათ - ოლიმპიადაზე პირველ ნომრად განთესილი გუნდი საქართველოს ქულით ჩამორჩა.
მომდევნო, 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადას რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი 2020 წელს უმასპინძლებს.

ლაშა გოდუაძე
2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: ბათუმი 2018: XI ტური - ოქროს მედლები და ნონას თასი ჩინეთს
  • ავტორი:
  • თარიღი: 06-10-2018 12:20 PM
  • Tags:
Top