ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმის სპორტის სასახლე ახალგაზრდა მოჭადრაკეებს მასპინძლობს

ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად ყოველდღიურად არაერთი ღონისძიება მიმდინარეობს. დღეს ჭადრაკის ოლიმპიადის პრესცენტრში მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონები ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი ჟურნალისტებს შეხვდნენ და არაერთ შეკითხვას უპასუხეს.  ალექსანდრიამ და იოსელიანმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს - გაიხსენეს ძველი საოლიმპიადო ამბები, გამორჩეული შეხვედრები, ისაუბრეს ზოგადად საჭადრაკო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე. ცხადია, საუბარი შეეხო ბათუმში მიმდინარე ოლიმპიადას. შეგახსენებთ, რომ ნანა იოსელიანი საჭადრაკო ოლიმპიადის დირექტორი, ხოლო ნანა ალექსანდრია ტურნირის მასპინძელია.

დღეს გამართული მე-5 ტურის პარტიები საინტერესოდ წარიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა უმძიმესი შეხვედრა გამართა უშუალო კონკურენტთან, უკრაინის ნაკრებთან და 2:2 ითამაშა.

ეს იყო ორი ძლიერი, ფავორიტი გუნდის პაექრობა, რომლის შედეგიც ბევრ რამეს წყვეტდა, რადგან როდესაც შეჯიბრი დასასრულისკენ წავა და დამატებითი მაჩვენებლების დათვლა დაიწყება, უშუალო კონკურენტთან გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი გახდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესანიშნავად იცოდნენ ორივე გუნდის წევრებმა და საოცარი სიფრთხილით და კონცენტრაციით ითამაშეს.

პირველად დრო მეორე დაფაზე გაჩერდა, როდესაც ლელა ჯავახიშვილი შავი ფიგურებით მარია მუზიჩუკს შეუთანხმდა ყაიმზე. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ცუდი მოცემულობა ჩვენი გუნდისთვის - ყაიმი შავი ფიგურებით, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ იყო. მეორე შეხვედრა პირველ დაფაზე დასრულდა, სადაც ნანა ძაგნიძემ დიდი მცდელობის მიუხედავათ თეთრი ფიგურებით ვერ აჯობა ანა მუზიჩუკს - 0.5:0:5 და შეხვედრის ბედი მესამე და მეოთხე დაფებზე უნდა გადაწყვეტილიყო.  მესამე დაფაზე ნინო ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით ანნა უშენინასთან წააგო და ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრები ახლოს იყო მარცხთან. მეოთხე დაფაზე ბელა ხოტენაშვილს არასახარბიელო მდოგომარეობა ჰქონდა ნატალია ჟუკოვასთან, ერთი შეხედვით ყაიმის შანსიც ნაკლებად იყო, მაგრამ ბელამ საოცარი სიზუსტით ითამაშა და თითქმის წაგებული პარტია სათავისოდ შემოატრიალა, რამაც საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი ყაიმი მოუტანა, უშუალო კონკურენტთან მედლებისთვის ბრძოლაში. ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ არის, მითუმეტეს რომ კიდევ ერთმა კონკურენტმა ჩინეთმა ასევე 2:2 ითამაშა სომხეთთან.

ქალთა მეორე ნაკრებმა თურქეთს სძლია 3.5:0.5, ხოლო მესამე გუნდმა ფინეთს 3:1 მოუგო. ვაჟთა პირველმა ნაკრებმა გუშინდელი მოულოდნელი მარცხის შემდეგ ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა 3:1. პარტიები მოიგეს მიხეილ მჭედლიშვილმა და ლევან ფანცულაიამ, თეთრი ფიგურებით შესაბამისად მეორე და მეოთხე დაფაზე.

გამარჯვება მოიპოვეს ვაჟთა მეორე და მესამე ნაკრებებმა. მეორე გუნდმა მონღოლეთს აჯობა 3:1, ხოლო მესამემ ყირგიზეთი 2.5:1.5 დაამარცხა. 

ხვალ, 29  სექტემბერს მოჭადრაკეები დაისვენებენ. 30 სექტემბერს, ახალ სპორტის სასახლეში მე-6 ტურის პარტიები 15:00 საათიდან დაიწყება.  

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი - 5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა
ტური
ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - უკრაინა 2:2
1. ნანა ძაგნიძე - ანა მუზიჩუკი 0.5:0.5 
2. ლელა ჯავახიშვილი - მარია მუზიჩუკი 0.5:0.5 
3. ნინო ბაციაშვილი - ანნა უშენინა 0:1 
4. ბელა ხოტენაშვილი - ნატალია ჟუკოვა 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - თურქეთი 3.5:0.5
1. სალომე მელია - ეკატერინა ატალიკი 1:0 
2. ინგა ჭარხალაშვილი - კუბრა ოზთურქი 0.5:0.5 
3. სოფიო გვეტაძე - ჩემრე ბეტულ კადიოღლუ ილდიზი 1:0 
4. სოფიკო ხუხაშვილი - ირმაკ ჩაგილ არდა 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - ფინეთი 3:1
1
. ნინო ხომერიკი - ანასტასია ნაზაროვა 1:0 
2. მარიამ ჯანიაშვილი  - ჰეინი პუუსკა 0.5:0.5 
3. ლილე ქორიძე -  ალია დანნენბერგი 1:0 
4. დიანა ლომაია - სარაბელლა ნორლამო 0.5:0.5

ვაჟები 
საქართველოს პირველი ნაკრები - ბრაზილია 3:1

1. ბაადურ ჯობავა - რაფაელ ლეიტაო 0.5:0.5 
2. მიხეილ მჭედლიშვილი - ალექსანდრ ფიერი 1:0 
3. ივან ჩეპარინოვი - პაულო ლუის სუპი 0.5:0.5 
4. ლევან ფანცულაია - ცრესკე დე ფელიპე დებს ელი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - მონღოლეთი 3:1
1. ლუკა პაიჭაძე - ცეგმედ ბაჩულუუნი 0.5:0.5 
2. დავით მაღალაშვილი - სუმია ბილგუნი 1:0 
3. თორნიკე სანიკიძე - ნამხაი ბატულგა 1:0 
4. ირაკლი ბერაძე -  გომბოსურენ მუნხგალი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ყირგიზეთი 2.5:1.5
1. ნოე თუთისანი - სამეტეი ტოლოგონტეგინი 1:0 
2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ტაგირ ტაალაიბეკოვი 0.5:0.5 
3. ნიკოლოზ კაჭარავა - ასილ აბდიჯაფარი 0:1 
4. გიორგი სიბაშვილი - მელის მამატოვი 1:0

 

 

ლექსო მაისურაძე
43-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით

 

 

 
  • სათაური: ბათუმის სპორტის სასახლე ახალგაზრდა მოჭადრაკეებს მასპინძლობს
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-09-2018 12:22 PM
  • Tags:
Top