ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქალთა და ვაჟთა ნაკრებების გამარჯვება მესამე ტურში!

ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები ჩაიწერეს. ქალებმა საფრანგეთს მოუგეს 2.5:1.5. ვაჟებმა გუშინდელი ყაიმის შემდეგ ხასიათი გამოიკეთეს და მონღოლეთის ნაკრები 3:1 დაამარცხეს. ქალთა ნაკრებიდან ერთადერთი გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა ჩაიწერა, რომელმაც მეორე დაფაზე თეთრი ფიგურებით ითამაშა. დანარჩენები ფრანგ მოჭადრაკეებთან ყაიმზე შეთანხმდნენ. მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილი შავი ფიგურებით დიდხანს ცდილობდა მეტოქის დამარცხებას, გარკვეულ მომენტებში უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ საბოლოოდ ყაიმი ითამაშა, რამაც საქართველოს ნაკრებს მესამე გამარჯვება მოუტანა. ვაჟთა ნაკრების პირველ და მეორე დაფაზე გამარჯვებები ბაადურ ჯობავამ და ივან ჩეპარინოვმა მიითვალეს. ლევან ფანცულაიამ მესამე დაფაზე ყაიმი ითამაშა, არადა ახლოს იყო გამარჯვებასთან. ასევე ყაიმი ითამაშა დავით ჯოჯუამ შავი ფიგურებით მეოთხე დაფაზე ურტნასან ნასანჟარგალთან. ეს შეხვედრა თითქმის 6 საათი გაგრძელდა - მოჭადრაკეებმა დარბაზი ყველაზე ბოლოს დატოვეს.

საქართველოს სხვა ნაკრებებიდან ყველაზე მძიმე მატჩი ვაჟთა მეორე გუნდს ჰქონდა, რომელიც ოლიმპიადაზე მეორე ნომრად განთესილ, დიდოსტატებით დაკომპლექტებულ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1.5:2.5 დამარცხდა. ქალთა მეორე ნაკრებმა ყაიმი ითამაშა ესპანეთთან. საინტერესოა, რომ მესამე დაფაზე სოფიო გვეტაძე ანა მათნაძესთან დამარცხდა, რომელიც ესპანეთის სახელით თამაშობს.

გამარჯვება მოიპოვა 20-წლამდელთა ნაკრების მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა ვაჟთა მესამე ნაკრებმა - პირველ ტურში გამარჯვების და გუშინ ოლიმპიადის მთავარ ფავორიტთან აშშ-სთან საინტერესო დაპირისპირების შემდეგ, ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა ნიკარაგუის ნაკრებს 3.5:0.5 აჯობეს. დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ქალთა მესამე ნაკრებმაც, რომელმაც ბრაზილიას 3.5:0.5 მოუგო. ამრიგად, სამი ტურის შემდეგ საქართველოს 6 ნაკრებიდან 100% შედეგი, სამიდან სამი გამარჯვება ქალთა მთავარ ნაკრებს აქვს, რომელიც ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუს სრულად ამართლებს და მედლებისთვის იბრძვის. 27 სექტემბერს, ახალ სპორტის სასალეში მეოთხე ტურის შეხვედრები იგივე დროს, 15:00 საათზე დაიწყება.

 

ლევან ფანცულაია (საქართველოს ვაჟთა ნაკრების მოჭადრაკე):“ დღევანდელ შეხვედრაში ახლოს ვიყავი გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო მომენტში მეტოქემ შეძლო თავის დაცვა. გუშინ დასანანი ქულები დავკარგეთ ნორვეგიასთან, სამწუხაროდ არ გაგვიმართლა. მთლიანობაში ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაქსიმალურად მაღალი ადგილის დასაკავებლად ვიბრძოლებთ და ვნახოთ რა გამოგვივა. მთავარი ბრძოლები მე-7 ტურიდან დაიწყება, თუმცა მნიშვნელოვანია რომ იქამდე მაქსიმალურად კარგი ქულათა რაოდენობით მივიდეთ“.

 

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი - 5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა
III ტური
ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - საფრანგეთი  2.5:1.5
1. ნანა ძაგნიძე - მარიე სებაგი 0.5:0.5
2. ნინო ბაციაშვილი - ალმირა სკრიპჩენკო 1:0
2. ბელა ხოტენაშვილი - პაულინ გუიჰარდი 0.5:0.5
4. მერი არაბიძე - სოფიე მილი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ესპანეთი 2:2
1. სალომე მელია - საბრინა ვეგა გუტიერესი 1:0
2. ინგა ჭარხალაშვილი - მართა გარის მარტინი 0.5:0.5
3. სოფიო გვეტაძე - ანა მათნაძე 0:1
4. სოფიკო ხუხაშვილი - მონიკა რუის კალზეტა 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ბრაზილია 3.5:0.5
1
. ნინო ხომერიკი - საიმი ჟულიან ტერაო 1:0
2. ლილე ქორიძე - ჟულია ალბორედო 0.5:0.5
3. თამარ ესაძე - გულარტ კატიე ლიბრელატო 1:0
4. დიანა ლომაია - პაულა დე ანა ვიტორია როთებაფი 1:0

ვაჟები
საქართველოს პირველი ნაკრები - მონღოლეთი 3:1

1. ბაადურ ჯობავა - სუმია ბილგუნი 1:0
2. ივან ჩეპარინოვი - ნამხაი ბატულგა 1:0
3. ლევან ფანცულაია - გომბოსურენ მუნხგალი 0.5:0.5
4. დავით ჯოჯუა - ურტნასან ნასანჟარგალი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - რუსეთი 1.5:2.5
1. ლუკა პაიჭაძე - სერგეი კარიაკინი 0.5:0.5
2. თორნიკე სანიკიძე - იან ნეპომნიაჩი 0.5:0.5
3. ირაკლი ბერაძე - ვლადიმირ კრამნიკი 0:1
4. გიგა ყუფარაძე - ნიკიტა ვიტიუგოვი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ნიკარაგუა 3.5:0.5
1. ნოე თუთისანი - რენე ლასაიო 1:0
2. ლუკა ობოლაძე  - ვილიამ ალფარო 1:0
3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ხორხე პიკარდო 0.5:0.5
4. გიორგი სიბაშვილი -  ჟოზე ესპინოზა 1:0
 

ლექსო მაისურაძე
43-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: ქალთა და ვაჟთა ნაკრებების გამარჯვება მესამე ტურში!
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-09-2018 2:48 AM
  • Tags:
Top