ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ოლიმპიადის მონაწილეებმა ეკვატორი გადალახეს...

ერთდღიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიადა განახლდა: დღეს VI ტურის შეხვედრები გაიმართა. 
საწყისი ხუთი ტურის შემდეგ ვაჟთა სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობა იყო: ყველა მოგებით აზერბაიჯანის, ჩეხეთის, პოლონეთის და უკრაინის ნაკრები გუნდები ლიდერობდნენ, დამატებითი მაჩვენებლით კი აზერბაიჯანი პირველი იყო, ჩეხეთი - მეორე, პოლონეთი - მესამე, უკრაინა კი ლიდერთა ოთხეულს აგვირგვინებდა. პირველი ორი წყვილიც ხსენებულმა გუნდებმა დააკომპლექტეს. 
აზერბაიჯანმა, რომელიც მეოთხე ნომრადაა განთესილი, 3:1 სძლია ჩეხეთს (მე-15 ნომერი). პირველ და მესამე დაფებზე თეთრი ფიგურებით მოთამაშე შახრიარ მამედიაროვმა და არკადი ნაიდიჩმა შესაბამისად დავით ნავარას და ზბინეკ ჰრაცეკს სძლიეს, შავი ფიგურებით მოთამაშე ტეიმურ რაჯაბოვმა და რაუფ მამედოვმა კი ვიქტორ ლაზნიცკას და ირი სტოცეკის წინააღმდეგ ყაიმს მიაღწიეს. 
გამარჯვებულთა ლიდერმა მამედიაროვმა, რომელმაც პირველი ტური გამოტოვა, ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. მეორე და მესამე ტურებში ის ყაიმს დასჯერდა, შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით სძლია ინგლისელთა (მაიკლ ადამსი) და სომხების (ლევონ არონიანი) საუკეთესო მოთამაშეებს. 
არანაკლებ საიმედოა მეოთხე დაფაზე გამწესებული რაუფ მამედოვი, რომელმაც ყველა ტურში ითამაშა: სტარტზე ოთხ გამარჯვებას ბოლო ორ ტურში ყაიმები დაურთო. 
ბრწყინვალე თამაშს განაგრძობს ოლიმპიადის მე-11 ნომერი პოლონეთის ნაკრები, რომელმაც მასავით ზედიზედ ხუთ ტურში გამარჯვებულ უკრაინას პირველი მარცხი აგემა - 2,5:1,5. 
გადამწყვეტი პირველი ნომრების პაექრობა აღმოჩნდა: იან-კრჟიშტოფ დუდამ ვასილი ივანჩუკს სძლია, დანარჩენი პარტიები კი ყაიმით დასრულდა. საგულისხმოა, რომ დუდამ ბათუმში მხოლოდ მეორედ გაიმარჯვა: პირველ ტურში გუამელ რეიეს ნახერასთან მოპოვებული ქულის შემდეგ ორი პარტია წააგო, ერთხელ კი ყაიმს დასჯერდა. 
მეხუთე ტურში ისრაელთან ფრეს შემდეგ კვლავ გაიმარჯვა ამერიკის შეერთებული შტატების ოთხეულმა. განთესვის ლიდერებმა დღეს ბოსნია-ჰერცეგოვინას სძლიეს - 3,5:0,5. 
ამერიკელთაგან მხოლოდ ჰიკარუ ნაკამურამ (მესამე დაფა) გაუყო ქულა მეტოქეს, დანარჩენებმა კი გაიმარჯვეს: შავი ფიგურებით მოთამაშე ფაბიანო კარუანამ დენის კადრიჩს სძლია, უესლი სომ დალიბორ სტოიანოვიჩი დააშამათა, რეი რობსონმა კი რიჯად ბუროვიჩი. 
ამერიკელთა ამ ოთხეულიდან ბათუმში ჯერ არავის წაუგია: კარუანას აქტივში ხუთი შესაძლებლობიდან ოთხი ქულაა (სამი გამარჯვება, ორი ყაიმი), სომ ექვსიდან ხუთი ქულა მოიპოვა (ოთხი მოგება ორი ყაიმის წილ), ნაკამურამ ხუთიდან სამი (მოგება და ოთხი ყაიმი), რეი რობსონმა კი სამი პარტიიდან მხოლოდ საქართველოს მეორე გუნდის წევრ ნიკოლოზ კაჭარავას (II ტური) გაუყო ქულა. 
კვლავ დაუმარცხებლად მიდიან ისრაელის და გერმანიის ნაკრები გუნდები, რომელთა დღევანდელი ჭიდილი 2:2 დასრულდა. ეს მათთვის მეორე ფრეა მიმდინარე ოლიმპიადაზე. 
იგივე ანგარიშით დამთავრდა რუსეთის და ინდოეთის ნაკრებთა მატჩი. ოთხივე დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა, ასეთი „ერთსულოვნება“ კი ბათუმი 2018-ის ლიდერთა მატჩებში აქამდე არ გვინახავს. 
ქალთა ლიდერმა ამერიკის ნაკრებმა პირველად დაკარგა ქულა - 2:2 ინდოეთთან. თავის მხრივ, მეტოქის ოთხეულისთვის ეს მეორე ფრეა. ამ შეხვედრაში თეთრი ფიგურებით მოთამაშეებმა გაიმარჯვეს: პირველ და მესამე დაფებზე ინდოელებმა ჰამპი კონერუმ (ანა ზატონსკიჰთან) და საჩდევ ტანიამ (ტატევ აბრაჰამიანთან) გაიმარჯვეს, მეორე და მეოთხე დაფებზე კი ირინა კრუშმა (დრონავალი ჰარიკასთან) და ჯენიფერ იუმ (ეეშა კარავადესთან). 
მეორედ დამარცხდა ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული რუსეთის ნაკრები. გუნდს, რომელიც ქალთა რეიტინგის ლიდერია, სომხეთთან მოეცარა ხელი - 1:3. შეგახსენებთ: მეორე ტურში რუსებს უზბეკეთის ნაკრებმა აჯობა - 2,5:1,5. 
სომეხთა ლიდერის ელინა დანიელიანის (პირველი დაფა) და ანა სარქისიანის (მესამე დაფა) სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შავი ფიგურებით მიაღწიეს ყაიმს, ლილიტ მკრტჩიანმა და სირანუშ ღუკასიანმა კი თავიანთი პარტიები მოიგეს. 

ლაშა გოდუაძე
2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: ოლიმპიადის მონაწილეებმა ეკვატორი გადალახეს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-10-2018 2:25 AM
  • Tags:
Top