ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საჭადრაკო პროექტი „მილიონი სვლა“ ...

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად ერთვება საჭადრაკო პროექტში - „მილიონი სვლა“, რომლის მიზანიც ჭადრაკის პოპულარიზაციისათვის მსოფლიო მასშტაბით ხალხის ჩართულობა და ინტეგრაციაა.
მოთამაშეები თითო სვლას „მილიონი სვლისთვის“ სპეციალურად შექმნილი ონლაინპლატფორმის მეშვეობით აკეთებენ.
პროექტის იდეა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილსა და ქართველ ჭადრაკის მოყვარულ, კვლევისა და განვითარების ასოციაციის დირექტორ ალექსანდრე სულავას ეკუთვნით. 
ჭადრაკი უსაზღვრო შესაძლებლობებია და მისი ენა ყველამ იცის, განურჩევლად ეროვნებისა, რასისა თუ სარწმუნოებისა, ამიტომაც მთელი მსოფლიო ერთვება ამ თამაშში - ესაა „მილიონი სვლის“ მთავარი ხიბლი.
10 მაისს 13:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ სვლას გააკეთებს და ამით ოფიციალურად დაფიქსირდება მასშტაბურ ონლაინტურნირში - „მილიონი სვლა“, საპასუხო სვლით კი მას თბილისის ჭადრაკის სასახლიდან ლევან ანწუხელიძე, საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის ომში ტრაგიკულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ვაჟი უპასუხებს. 
მეორე სვლას, კვლავ პრეზიდენტის სასახლიდან, გააკეთებს თავად პროექტის ავტორი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, რომელსაც ჭადრაკის სასახლიდან ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი უპასუხებს, ხოლო მესამე სვლა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეზეა, რომელსაც ევროპის ჩემპიონი ქალთა შორის ნანა ძაგნიძე თავის სვლას დაუპირისპირებს. ამის შემდგომ პარტიის თამაშში პრეზიდენტის სასახლის თანამშრომლები და თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის აღსაზრდელები ჩაერთვებიან.
ელექტრონული ჭადრაკი დღითიდღე პოპულარული ხდება, ამიტომაც პლატფორმა, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის ონლაინსაჭადრაკო სივრცეში ყველაზე ცნობილმა „chess.com“-მა შექმნა, ერთგვარი ხიდია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ადამიანებისთვის. 
„მილიონი სვლა“ ესაა ქართული ინოვაცია, რომელიც, უპირველესად, ჭადრაკის და საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. ონლაინტურნირი დასრულდება 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. მსოფლიო ოლიმპიადას საქართველო, კერძოდ კი ბათუმი, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე უმასპინძლებს და ჩვენს ქვეყანას 189 ქვეყნიდან 4000-მდე სტუმარი ეწვევა.

  • სათაური: საჭადრაკო პროექტი „მილიონი სვლა“ ...
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-05-2018 5:50 PM
  • Tags:
Top