ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადება

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა მატჩი საქართველოს ქალთა ნაკრების მეხუთე წევრის გამოსავლენად სალომე მელიასა და მერი არაბიძეს შორის. 2,5-1,5 გაიმარჯვა მერი არაბიძემ.

მოჭადრაკეთა და ჭადრაკის მოყვარულთა ინტერესის გათვალისწინებით იხილეთ ჭადრაკის ფედერაციის განცხადება მატჩის შესახებ.

  1. მატჩის დანიშვნა:  როდესაც გადაწყდა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ელიზბარ უბილავას მოწვევა. ის მზად იყო აეღო სრული პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში თუ მთავარ მწვრთნელთან ერთად შეითავსებდა გუნდის კაპიტნის ფუნქციას. სურდა მიგვენიჭებია სრული დამოუკიდებლობა დამხმარე მწვრთნელის არჩევანში და გუნდის დაკომპლექტებისას.  ჭადრაკის ფედერაციის გამგეობამ გაითვალისწინა ელიზბარ უბილავას დიდი საერთაშორისო სამწვრთნელო ავტორიტეტი, ნაკრების წევრების აზრი და ელიზბარ უბილავა დაამტკიცა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად და კაპიტნად. ის, როგორც მთავარი მწვრთნელი გუნდს ახლდა ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე (სლოვაკეთი 7-20.04.2018), თვალყურს ადევნებდა წლის განმავლობაში ნაკრების წევრებისა და კანდიდატების თამაშს და როდესაც დადგა ნაკრების დასახელების დრო. მან დაასახელა 4 წევრი : ნ.ძაგნიძე,ნ.ბაციაშვილი,ბ.ხოტენაშვილი და ლ.ჯავახიშვილი. მეხუთე წევრის გამოსავლენად დანიშნა მატჩი ს. მელიასა და მ. არაბიძეს შორის. მისი არგუმენტები იყო შემდეგი: მიუხედავად იმისა რომ 2018 წლის სპორტული სეზონი უკეთესი ჰქონდა მერი არაბიძეს და რეიტინგითაც უსწრებდა სალომე მელიას. ის ითვალისწინებდა ს. მელიას დიდი გამოცდილებას და დამსახურებას ნაკრების წინაშე და რომ გამორიცხულიყო სუბიექტური მიდგომა, გადაწყვიტა სპორტულ პაექრობაში გამოვლენილიყო გუნდის წევრი. მატჩი უნდა ჩატარებულიყო ივნისის თვეში. თუმცა მატჩი დაინიშნა 2 აგვისტოს, შემდეგი გარემოებების გამო: ს. მელიას ოჯახური მდგომარეობის გამო არ შეეძლო ივნისში თამაში, ივლისის დასაწყისში კი ისრაელის ტურნირზე თამაშობდა. მ.არაბიძეს კი ივლისის მეორე ნახევარში ჰქონდა ფოთის საერთაშორისო ტურნირი. მატჩის თარიღი კიდევ ერთხელ გადაიწია ე. უბილავას თხოვნით, რადგან ს. მელიას სურდა მატჩი დაწყებულიყო 3 აგვისტოს რაზეც ბორჯომში შეკრების დროს შეთახმდნენ კიდეც მატჩის მონაწილენი. ფედერაციამ გაითვალისწინა მათი სურვილი როგორც თარიღთან დაკავშირებით ასევე სასტუმრო „კოსტეში“ მათ განთავსებასთან დაკავშირებით.
  2. მატჩის მიმდინარეობა : დამტკიცებული სატურნირო დებულების თანახმად, 3 აგვისტოს დაიწყო მატჩი. 4 აგვისტოს დილით ს. მელია დაუკავშირდა მთავარ მსაჯს ლელა თანდაშვილს და რადგანაც თავს შეუძლოდ გრძნობდა ითხოვა პარტიის გადატანა. სატურნირო დებულების მიხედვით, რომელიც არ ითვალისწინებდა დასვენების დღეს და ყოველი ტური იყო გაწერილი პარტიის გადადება მხოლოდ მოწინააღმდეგის თანხმობის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. მთავარი მწვრთნელის რეკომენდაციის გათვალისწინებით და მ. არაბიძის თახმობით პარტიის დაწყება გადაიდო 15სთ-დან 17-სთ-მდე. 5 აგვისტოს ისევ მიმართა ს. მელიამ მსაჯს პარტიის გადატანის თაობაზე, რომელზეც მ.არაბიძე დაეთანხმა და პარტია გადაიდო 6 აგვისტოს. 6 აგვისტოს განმეორდა ს. მელიას თხოვნა პარტიის გადადების თაობაზე, რადგანაც ის იმყოფებოდა საავადმყოფოში გადასხმაზე. ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სამედიცინო ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში შეწყვეტილიყო მატჩი და დავლოდებოდით მთავარი მწვრთნელის საქართველოში ჩამოსვლას, რომელიც მიიღებდა გადაწყვეტილებას მატჩის თაობაზე. თუმცა, ს. მელიამ გადაწყვიტა მატჩის გაგრძელება და გაიმართა მესამე და მეოთხე პარტიები.  სამწუხაროდ, ანალოგიურ შემთხვევაში ს. მელიას მოუხდა 2018 წლის ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატიდან გათიშვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგანაც ჩემპიონატის რეგლამენტი არ ითვალისწინებდა პარტიების გადადებას.

საქართველოს ნაკრებში თამაში პრიზი არ არის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა შენი ქვეყნის წინაშე, რომლის ღირსებასაც იცავს სპორტსმენი. როგორც მერი არაბიძეს ისე სალომე მელიას მოუწევს საქართველოს ღირსების დაცვა პირველ და მეორე ნაკრებში, რაშიც წარმატებას ვუსურვებთ მათ.

  • სათაური: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადება
  • ავტორი:
  • თარიღი: 08-08-2018 4:46 PM
  • Tags:
Top