ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ზურაბ აზმაიფარაშვილი ECU-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად დღეს მეორე ვადით აირჩიეს ზურაბ აზმაიფარაშვილი. 
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ არჩევნებში ქართველ მაღალჩინოსანს 50 დელეგატიდან 44-მა დაუჭირა მხარი. 
აზმაიფარაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან მოღვაწეობს, დღეს გამართულ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი გახლდათ. ის თავის ახალ გუნდთან ერთად 2022 წლის ჩათვლით უხელმძღვანელებს ევროპის საჭადრაკო კავშირს. 
ზურაბ აზმაიფარაშვილის გუნდში გენერალური მდივანი თოდოროს ჯორბაზოღლუ იქნება, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას გუნარ ბიორნსონი დაიკავებს, ვიცე-პრეზიდენტები კი დანა რეზნიცე-ოზოლა და იოჰან პოკშტაინერი იქნებიან. 
„ყველა თქვენგანს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეყარა კენჭი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოვიპოვე თქვენი ნდობა. ჩემს გუნდთან ერთად კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია და სწორედ აქედან მომდინარეობს ჩემი გუნდის სლოგანიც: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. თქვენ იცნობთ ჩემს პროგრამას და პროექტებს. ესკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობისას მე და ჩემმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დავასრულეთ, ჩემს მთავარ მიღწევად კი მიმაჩნია ის, რომ ჩვენი ორგანიზაცია გახდა ერთსულოვანი. დარწმუნებული ვარ მომდევნო ოთხი წელი უკეთესი იქნება. გამოწვევები დიდია, თუმცა ჩემს გვერდით დღეს ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთად წარმატება გარდაუვალია. მომდევნო ოთხ წელიწადში ჩვენ ევროპის საჭადრაკო კავშირს სხვა სიმაღლეზე გავიყვანთ“! - განაცხადა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: ზურაბ აზმაიფარაშვილი ECU-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-10-2018 4:14 AM
  • Tags:
Top