მოგესალმებით,

2021 წელს სასიამოვნო სიახლეებით ვიწყებთ.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას ახალი ვებ-გვერდი აქვს. მადლობა მინდა, გადავუხადო თიბისი ბანკს მხარდაჭერისთვის, ასევე, 2020 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პროექტების განხორციელებისათვისაც: საიმიჯო ვიდეო “საქართველო – საჭადრაკო ქვეყანა”, წარმატებული ახალგაზრდების სტიპენდიები და სხვა.

ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით ქართულ ენაზე შეიქმნა ორი ვიდეო:

რატომ ჭადრაკი https://www.youtube.com/watch?v=UOHz1FxMgm0   ჭადრაკი სკოლაში https://www.youtube.com/watch?v=48jX7Jpy5AA,

რომელთა, ხილვაც შეგიძლიათ როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ასევე ფედერაციის იუთუბ არხზე.

ოჯახში ჭადრაკის თამაშის ტრადიციის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი  #ვთამაშობთჭადრაკს.ჯგუფის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს საოჯახო ტურნირების გამართვა,სხვადასხვა კონკურსების და ვიქტორინების ჩატარება.

საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის გამგეობამ დაამტკიცა 2021 წლის სატურნირო კალენდარი. იმედი გვაქვს რომ რთული, წინა წლის შემდეგ, მეტ ტურნირს ვუმასპინძლებთ  ყველასთვის საყვარელ ჭადრაკის სასახლეში.

2021 წელი გამოვაცხადეთ დედოფლების წლად!

 ჩვენს ორ ლეგენდას საიუბილეო თარიღები უსრულდება:ნონა გაფრინდაშვილი – 80;მაია ჩიბურდანიძე- 60!

იმედია, წლის მეორე ნახევარში ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას რომ ღირსეულად აღვნიშნოთ მათი საიუბილეო თარიღები.

წლის ბოლოს კი ოლიმპიადის ოქროს ნაკრების უცვლელი წევრის ნინო გურიელის 60 წლისადმი მიძღვნილი შეჯიბრი გაიმართება.

წინ, საინტერესო წელი გველის, ქალთა გრან პრი, მსოფლიოს თასი, ევროპის ინდივიდუალური პირველობები, ევროპის გუნდური ჩემპიონატი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ  ჩვენი მოჭადრაკეები მომზადებული შეხვდნენ  სატურნირო აქტივობებს.