საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად, სკოლებში ჭადრაკის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიგელებით დააჯილდოვა ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებული ტრენერთა ჯგუფი. ტრენერებმა პირველკლასელებისთვის ჭადრაკის შესწავლის მიზნით, 4000-მდე პედაგოგი მთელი ზაფხულის განმავლობაში გადაამზადეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო საჭადრაკო ოლიმპიადების ექვსგზის გამარჯვებულმა და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა.
2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებელთა გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით სამ ეტაპად განხორციელდა. ამ მიზნით საქართველოს ჭადრაკის ეროვნულმა ფედერაციამ საერთაშორისო დიდოსტატებით და ოსტატებით დააკომპლექტა ტრენერთა ჯგუფი, რომლებმაც პედაგოგებს შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარეს.
ჭადრაკში გადამზადება ძირითადად დაწყებითი კლასების პედაგოგებმა გაიარეს. თუმცა, პროცესში ჩართულები იყვნენ მათემატიკის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სპორტის, ისტორიისა და ქართული ენის პედაგოგები. შესაბამისი სიგელები გადამზადებულ პედაგოგებს ეტაპობრივად გადაეცემათ.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლის სექტემბრიდან, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. სამინისტრომ, ტრენინგების პარალელურად, უზრუნველყო შესაბამისი სასწავლო რესურსის მომზადება, რომელიც ჩატვირთულია ბუკებში.