საქართველოს მომქმედი ჩემპიონი,ლევან ფანცულაია  საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის “Titled Tuesday Blitz” გამარჯვებული გახდა. ფანცულაია, მესამე ქართველი მოჭადრაკეა, ბაადურ ჯობავასა და გიგა ყუფარაძის შემდეგ, რომელმაც საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმა chess.com-ზე გამართული ტურნირი მოიგო!

ქართველმა დიდოსტატმა  11-დან 9,5 ქულა დააგროვა და I-V ადგილები გაინაწილა:

 ვლადისლავ არტემიევთან (რუსეთი), ტუან მინ ლისა (ჩინეთი), ვლადისლავ კოვალევთან (ბელორუსია) და არიან ტარისთან (ნორვეგია) ერთად.  დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ფანცულაიამ დაისაკუთრა!

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წლევანდელმა ჩემპიონმა მე-9  ტურში ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა.

“Titled Tuesday Blitz” შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 72 ქვეყნის 697 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი ყოველ სამშაბათს ტარდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

სატურნირო ცხრილი