საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი, საერთაშორისო ოსტატი დავით ლობჟანიძე, გერმანიის 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად უკვე მესამედ დაასახელეს!

პირველ რიგში გილოცავთ გერმანიის წლის მწვრთნელობას და რა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი გამარჯვება?

დიდი მადლობა! გერმანიის საუეკეთესო მწვრთნელის ტიტული მესამედ მომანიჭეს, პირველად 2006, შემდეგ კი 2014 წელს მაღიარეს წლის მწვრთნელად. ასევე აღვნიშნავდი რომ ჩემამდე ამ ტიტულს 2020 წელს, 80-იანი წლების  საჭადრაკო  სამყაროს ერთ-ერთი უძლიერესი დიდოსტატი არტურ იუსუპოვი ფლობდა.

2020/21 წლები განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ჩემი მოსწავლისთვის, ფედერიკ სვანესთვის, რომელიც 2020 წლის დეკემბერში გახდა ონლაინ სივრცეში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, ხოლო 2021-ში გერმანიის კაცთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. წელს მან მოიპოვა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება 18 წლის ასაკში.

2021 წლის დეკემბერში ჩემი მოსწავლე დომინიკ ლაუქსი გახდა ბლიცში ევროპის ჩემპიონი ასევე 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებში.

ასევე ინტესიურად ვმუშაობდი მთელი წლის განმავლობაში გერმანიის  ქალთა ნაკრებთან, 30 ონლაინ სემინარი  ჩავუტარე მათ, რაც დიდ წარმატებად ჩამითვალა ფედერაციამ.

როგორ და როდის დაიწყეთ გერმანიაში მოღვაწეობა

თავდაპირველად გერმანიაში წლების განმავლობაში ვმუშაობდი უნიჭიერეს ქართველ დიდოსტატ  დავით ბარამიძესთან.

2004 წელს მიმიწვიეს საქსონიის რეგიონის მთავარ მწვრთნელად ქალაქ დრეზდენში. ძალიან ძლიერი თაობა გაიზარდა მაშინ ჩემს ხელში.

2004-2006 წლებში ჩემმა მოსწავლეებმა მოიპოვეს 12 ოქროს მედალი გერმანიის ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

ამ მიღწევებისთვის მაღიარეს 2006 წლის საუკეთესო მწვრთნელად. სულ დღემდე ჩემს მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 32 ოქროს მედალი გერმანიის ახალგაზრდულ პირველობებზე.

განსაკუთრებით ვის გამოყოფდით თქვენი მოსწავლეებიდან?

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობდი ელიზაბეტ პეტცთან.

ჩემი მოსწავლე ფალკო ბინდრიხი 16 წლის ასაკში გახდა დიდოსტატი, რაც მაშინ გერმანიის ყველა დროის რეკორდი იყო. მელანი ლუბე, იუდიტ ფუხსი და ფილის ოსმანოდია ჩემს ხელში გაიზარდნენ როგორც მოჭადრაკეები, გახდნენ დიდოსტატები, ჩემთან ერთად მოვიდნენ გერმანიის ქალთა ნაკრებში.

2007-2009 და 2015-2017 წლებში, ორ ოლიმპიადაზე (დრეზდენის და ბაქოს) და ოთხ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვიყავი გერმანიის ქალთა ნაკრების კაპიტანი.

წლების განმავლობაში ვმუშაობდი რასმუს სვანესთან, რომელიც გერმანიის ნაკრების წევრია უკვე რამოდენიმე წელია. ასევე ჩემი ყოფილი მოსწავლეები არიან დიდოსტატები იან კრისტიან შროდერი და ჰაგენ პიოტჩი.

მათ გარდა ვმუშაობდი და ვმუშაობ ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდა მოჭადრაკესთან, რამოდენიმე მათგანი გახდა საკმაოდ ადრეულ ასაკში საერთაშორისო ოსტატი.

პანდემიამდე რეგულარულად დავყვებოდი ჩემს მოსწავლეებს გერმანიის, ევროპის და მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე.

2014 წელს მეორედ მომენიჭა  წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება, როდესაც ჩემმა მოსწავლეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ვერცხლი და გერმანიის ჩემპიონატზე სამი ოქრო აიღეს. მათ შორის იყო ვინსენტ კაიმერი, დღეს ის გერმანიის N1 მოჭადრაკეა 2700 რეიტინგით.

ამჟამად ვისთან მუშაობთ?

თითქმის ოცი წელია გერმანიის ჭადრაკის ფედერაციის კონსულტანტი ვარ, ვეხმარები ინდივიდუალურად ძალიან ბევრ მოთამაშეს ახალგაზრდული და ქალთა ძირითადი ნაკრებიდან.

თითქმის ყოველწლიურად ვატარებ 1-2 შეკრებას გერმანიის მთავარ და რეგიონალურ ფედერაციებთან ერთად, როგორც ახალგაზრდული, ასევე ქალთა ძირითადი ნაკრებისათვის

ვმუშაობ ასევე მოყვარულებთანაც, როგორც ‘ცოცხალ’ ასევე ‘ონლაინ’ რეჟიმში.

ვატარებ ლექცია-სემინარებს  ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

რა მეთოდიკით სარგებლობთ მეცადინეობის დროს?

მოსწავლეები იღებენ ჩემთან კლასიკურ საჭადრაკო განათლებას, რასაც თან ერთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშაობა. ძალიან დიდი წარმატებით ვიყენებ ქართული საჭადრაკო სკოლის მეთოდებს, რაც მათ ეხმარებათ სტრატეგიული აზროვნების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებაში. ვმუშაობთ რა თქმა უნდა ყველა მიმართულებით: პარტიების ანალიზი, დებიუტი, ტაქტიკა, სტრატეგია, ტექნიკა, ენდშპილი, ლაივ-კომენტარები, აქტუალური ინფორმაციები და ა.შ. ძალიან სასარგებლოა ეტიუდების ამოხსნა. გარკვეული დონიდან მკვეთრად იზრდება კომპიუტერული ანალიზის როლი ზოგად და სადებიუტო მომზადებაში. პრინციპში ეს ყველაფერი სტანდარტული მეთოდებია.

რა ინტენსივობით მიმდინარეობს  თქვენი გაკვეთილები?

გერმანიის ქალთა ნაკრებთან კონსულტაციები ძირითადად სემინარის სახით მიმდინარეობს, ვატარებ თვეში 2-3 სემინარს, ხოლო ახლაგაზრდა მოჭადრაკეებთან ინდივიდუალური გაკვეთილების ინტენსივობა დამოკიდებულია დროის ფაქტორზე. როგორც წესი, კვირაში 3-4 საათზე მეტი ვერ ხერხდება ერთად მუშაობა დროის დეფიციტის გამო. ეს რა თქმა უნდა ცოტაა, ამიტომ ვაძლევ ბევრ დავალებებს. თავიდანვე ვაჩვევ დამოუკიდებელ მუშაობას. კვირის სამუშაო გრაფიკი გაწერილი გვაქვს, იციან ყოველდღე როდის რა უნდა გააკეთონ. ვისაც სერიოზული შედეგის მიღწევა უნდა, დღეში მინიმუმ 2-3 საათი მაინც უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა საჭიროა კარგი გეგმა და შესაბამისი მასალები.

პანდემიამდე ჩემს მოსწავლეებს ევროპის/მსოფლიო ჩეპიონატებზე თან ვახლდი და ადგილზე ვუწევდი კონსულტაციებს. ამ ეტაპზე ძირითადად ონლაინ-კონსულტაციებით შემოვიფარგლები ჩემპიონატებში მონაწილეობის დროს. თითოეული პარტის წინ მოსამზადებლად დაახლოებით 1-1,5 საათი გვაქვს გამოყოფილი.

გერმანიის ჭადრაკის ფედერაცია რამდენად არის ჩართული მოჭადრაკეების მომზადების პროცესში, რა სახის მხარდაჭერა აქვთ მოთამაშეებს?

ფედერაცია აფინანსებს ახალგაზრდული და ძირითადი ნაკრებების შეკრებებს, ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატის ხარჯებს და ჰონორარებს, ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებს გერმანიის ჩემპიონატში 1-2 ადგილზე გასული მოზარდებისთვის. ფედერაციას აქვს გამოყოფილი თანხები ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეებისთვის, რომელთაც შეუძლიათ ამ თანხების გამოყენება ინდივიდუალური ტურნირებზე მონაწილეობისთვის ან მწვრთნელის ასაყვანად. როგორც წესი, ეს ფარავს ხარჯების მხოლოდ ნაწილს.

შედეგების მიხედვით ფედერაცია ეხმარება ასევე ახალგაზრდულ კადრებს, თუმცა ვერ ახერხებს მათი რეგულარული მეცადინეობის ხარჯების დაფარვას. ამ ხარჯებს ხშირად ფარავენ კლუბები, ნაწილობრივ მშობლები.

ფედერაცია დიდ ყურადღებას უთმობს სამოყვარულო, მასობრივ ჭადრაკს. კარგად არის განვითარებული კლუბური სისტემა.

ახლახან დასრულებულ ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოიკვეთა აზიის წარმომადგენელთა უპირატესობა, როგორ ახსნიდით?

შედარებით ნაკლებად განვიათარებულ აზიურ  ქვეყნებში, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე  მოჭადრაკეობა საკმაოდ პრესტიჟული, შემოსავლიანი პროფესიაა და აქედან გამომდინარე საკმაოდ პოპულარულიც. ამიტომ ხშირად ადრეულ ასაკში ადგებიან ბავშვები პროფესიონალი მოჭადრაკის გზას და უთმობენ ჭადრაკს ძალიან დიდ დროს. თან ხასიათიდან გამომდინარე, საკმაოდ შრომისუნარიანი და შრომისმოყვარეები, მებრძოლები, დინჯები არიან თამაშის და მეცადინეობის დროსაც. ზოგ ქვეყანაში საკმაოდ დიდია სახელმწიფოს მხარდაჭერა ჭადრაკის მიმართ. ინტერნეტის გამო გაადვილებულია მასალებთან წვდომა. დასავლეთევროპელ ბავშვებს მათთან შედარებით უფრო მეტი ინტერესი, გასართობი, ა.შ. აქვთ და  ამიტომ უჭირთ მარტო ჭადრაკზე კონცენტრირება.

დღვანდელ ჭადრაკში წარმატების საწინდარი…?

ნიჭი, ძალიან ბევრი შრომა, ფიზიკური და მენტალური გამძლეობა. აუცილებელია კლასიკური ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა…

ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზე…

ვარ საერთაშორისო ოსტატი, მაქვს საერთაშორისო დიდოსტატის ორი ნორმა. პროფესიონალურ ჭადრაკს ცოტა ადრე დავანებე თავი. სკოლის ასაკის პერიოდში ვიყავი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი. შემდეგ მედიცინაზე გადავერთე, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. თუმცა, რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ ჭადრაკის გარეშე ვერ გავძლებდი და მედიცინიდან ისევ ჭადრაკს დავუბრუნდი.

გისურვებთ წარმატებებს და იმედია ქართველ მოზარდებსაც  ექნებათ თქვენთან პროფესიული დახვეწის საშუალება

დიდი მადლობა. საქართველოშიც მაქვს გეგმები, თუმცა ამაზე სჯობს ცოტა მოგვიანებით.