წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გამართულ  ევროპის ჩემპიონატზე 8-დან 18 წლამდე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის!

ქართველი მოზარდების მზადების პროცესში პირადი მწვრთნელების გარდა მონაწილეობდა  და კონსულტაციებს უწევდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა.

ჩემპიონატში ქართველი მონაწილეები   ბოლო ტურამდე ინარჩუნებდნენ   მეწინავე პოზიციებს და რამდენიმე მედლის მოპოვების შანსიც ჰქონდათ.

10 წლამდე ბიჭებში ბრწინვალედ იასპარეზა გაბრიელ გაბადაძემ (მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა! ქუთაისელმა მოჭადრაკემ მარცხის გარეშე ითამაშა და მის აქტივში 5 გამარჯვება და 4 ყაიმით დასრულებული შეხვედრაა.

აღსანიშნავია, ამავე ასაკის ბიჭებში ანდრია ქრისტესაშვილის(მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) თამაშიც, რომელიც 6 ტურის შემდეგ მეორე ადგილს ინაწილებდა. სამწუხაროდ ნორჩმა მოჭადრაკემ ბოლო ტურების ემოციურ დაძაბულობას ვერ გაუძლო და ათეულს მიღმა დარჩა.

14 წლამდე ჭაბუკებში კარგად იასპარეზა დავით ნემსაძემ(მწვრთნელი გიგა ყუფარაძე), რომელიც ბოლო ტურის მოგების შემთხვევაში მესამე ადგილს იყოფდა, მაგრამ საბოლოოდ ყაიმი გააკეთა და მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ჩემპიონობის შანსი ბოლო ტურში მოგებული პარტიის წაგებით დაკარგა, 12 წლამდე გოგონებში მოასპარეზე კესარია მგელაძემ(მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე; ნოდარ ლორთქიფანიძე) . აღსანიშნავია, რომ კესარია მსოფლიო ჩემპიონატზეც ლიდერებში იყო და მხოლოდ ბოლო ტურებში განცდილი მარცხით დაკარგა საპრიზო სამეული. იმედია, ბათუმელი გოგონა ფსიქოლოგიურად დასძლევს გადამწყვეტი პარტიების წინაღობას და  მომავალში შესაბამის ადგილს დაიკავებს მსოფლიო ჭადრაკში.

ამავე ტურნირში ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა საპრიზო სამეულის შანსს, ასევე ბათუმელი  მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი თენგო დიდმანიძე).

14 წლამდე გოგონებში ბოლო ტურამდე ლიდერობდა  ანასტასია კირთაძე (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე), მოგების შემთხვევაში ჩემპიონიც ხდებოდა, მაგრამ უკომპრომისო ბრძოლაში მარიამ ცეცხლაძესთან (მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო  ცეცხლაძე მეოთხეზე.

18 წლამდე გოგონებში, ბოლო ტურის მოგების შემთხვევაში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს ნია დონღვანი (მწვრთნელი დავით ჯოჯუა) დაისაკუთრებდა, მაგრამ ნიამაც ვერ გაუძლო ბოლო ტურის დაძაბულობას და  დასანანი მარცხის შემდეგ  მეცხრე ადგილზე გავიდა.