საქართველოს ქალთა ნაკრებმა ინდოეითის ჩენაიში დასრულებულ 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველობა უკრაინელ მოჭადრაკეებთან გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით გავიდა მეორე ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ, საუკეთესო შედეგი აჩვენა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მეცხრედ მოიპოვა მედალი საჭადრაკო ოლიმპიადაზე.
ქართველმა მოჭადრაკეებმა დასკვნით, XI ტურში აზერბაიჯანის ნაკრებს 3:1 სძლიეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. პარტიის მოგება მერი არაბიძემ და ნინო ბაციაშვილმა მოახერხეს, ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა კი აზერბაიჯანელ მეტოქეებთან შეხვედრა ყაიმით დაასრულეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე დაფაზე მოასპარეზე ნინო ბაციაშვილის ფენომენალური შედეგი!ნინომ, ფინიშზე – ბოლო ოთხ ტურში – ოთხი გამარჯვება მოიპოვა გადამწყვეტ პარტიებში.
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:
I დაფა – ნანა ძაგნიძე – 6 ქულა (10დან);
II დაფა – ნინო ბაციაშვილი – 7,5 (10);
III დაფა – ლელა ჯავახიშვილი – 7 (10);
IV დაფა – სალომე მელია – 4,5 (7);
სათადარიგო დაფა – მერი არაბიძე – 4 (7);